მუსიკა ერთ-ერთი საშუალებაა გავიგოთ ადამიანის შინაგანი ბუნება. ამ ხელოვნების ისტორიას შეიძლება ვუწოდოთ ხმოვანი სურათი, რომელზედაც აღიბეჭდნენ ღელვანი, ვნებანი და განწყობილებანი, რომლებიც განიცადა ადამიანმა თავისი არსებობის მთელი დროის განმავლობაში. ხმიერი და საკრავიერი მუსიკის განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან. ხმიერი მუსიკა სტიმულს აძლევს საკრავიერის განვითარებას, მაგრამ საკრავიერიც თავის მხრივ გარკვეულ გავლენას ახდენს ხმიერ მუსიკაზე. ხალხური მუსიკა და ხალხური საკრავები, შემონახული უძველეს დროიდან, სწორედ რომ წარმოადგენენ უძვირფასეს საბუთს, რომელიც ისტორიული განვითარების პროცესში, გვიჩვენებს ხალხის ამა თუ იმ ცივილიზაციის დონეს და გზებს, რომლებიც განვლო ხალხმა თავისი კულტურული განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. ამიტომ ხალხური სამუსიკო საკრავების შესწავლას ფრიად ღრმა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, ქართველებისთვის!

  ქართველმა ხალხმა, რომლის კულტურაც ჯერ კიდევ წინაისტორიულ ხანაში ჩაისახა და საუკუნეების მანძილზე მსოფლიოს უძველეს კულტურებთან ურთიერთობაში ვითარდებოდა, შექმნა მდიდარი მხატვრული მემკვიდრეობა, რომელიც გმირულად დაიცვა მრავალრიცხოვანი მტრების გამუდმებული თავდასხმების პირობებში. ეს გარემოება მით უფრო აღსანიშნავია, რომ ყოველი ხალხის ღირსება ფასდება არა მარტო ცალკეულ მოღვაწეთა სახელებით, არამედ მატერიალური და სულიერი კულტურის იმ თვალსაჩინო ძეგლებითაც, რომლებიც ხალხმა საუკუნეების მანძილზე შემოინახა. დიდი კულტურული მონაპოვარი ხშირად ისტორიულ ქარტეხილებს ეწირება მსხვერპლად და მისი კვალის აღსადგენად საჭირო ხდება შემოქმედებითი ძიება მეცნიერების ისეთი დარგების გამოყენების საფუძველზე, როგორიც არის არქეოლოგია, ანტროპოლოგია, ეთნოგრაფია და სხვა. მრავალი ათეული წლების მანძილზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში წარმოებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა მოპოვებული მასალის საფუძველზე ძველი ქართული კულტურის საერთო სახის აღდგენის საშუალება მოგვცეს. წინამდებარე ნაშრომი აღნიშნული საკითხისადმი მიძღვნილი მცირედი ხარკია და მიზნად ისახავს ფართო მკითხველს გააცნოს ძველი ქართული მუსიკალური საკრავები. ჩვენ ძირითადად დავეყრდნობით ძველ ქართულ მწერლობასა და არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულ მასალებს, რომელნიც საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ქართული საკრავების განვითარების გზები, თითოეული მათგანის ადგილი ქართველი ხალხის მუსიკალურ ყოფაში.

  საუკუნეთა განმავლობაში ქართველი ხალხი, ეროვნულ სიმღერებთან ერთად, ქმნიდა და ავითარებდა ეროვნულ სამუსიკო საკრავებს, რომლებსაც იყენებდა როგორც ლხინში, ისე გასაჭირის ჟამს. მუსიკა ქართველი ხალხის სულიერი ცხოვრების განუყოფელი და თანაარსი მოვლენა იყო. ცხადია, ამან განაპირობა სხვადასხვა სახის მუსიკალური საკრავების განვითარება და მათი გამოყენების მაღალი კულტურა. დროთა განმავლობაში მუსიკალური აზროვნების შესაბამისად საკრავები დახვეწაგანვითარებას განიცდიდნენ. მოძველებულნი კი გზას უთმობდნენ ახალსა და უფრო სრულყოფილ საკრავებს. ცალკეულ შემთხვევაში ამ საკრავთა ზოგიერთი ნაწილი საერთოდ გადიოდა ხმარებიდან. ამჟამად, მოგვეპოვება ქართული საკრავების ბევრი ისეთი სახელწოდება, რომლის ნამდვილი მნიშვნელობა ჯერჯერობით გაურკვეველია, ვინაიდან სახელწოდების ქვეშ მოქცეული რეალური საგანი დიდი ხანია გასულია ყოფიდან. ის ერთგვარი ბუნდოვანება, რომელიც ქართული საკრავების აღმნიშვნელ ტერმინებსა და თვით საკრავებს შორის არსებობს, ერთობ აძნელებს ძველი ქართული საკრავების კვლევა-ძიების საკითხს. ამ მხრივ მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ საკრავების მთელი რიგი, რომელიც ნახსენებია ქართულ წერილობით წყაროებში, წინასწარ გარკვევასა და დადგენას მოითხოვს. ჩვენ არ გაგვაჩნია მათ შესახებ უშუალო და პირდაპირი ცნობები, რომლის მიხედვითაც შეიძლება ჭეშმარიტების აღდგენა. ზოგჯერ ისინი ფრესკებზე მინიატურებსა და სხვა ნივთიერ ძეგლებზეა აღბეჭდილი. უფრო ხშირად კი ამ ბედნიერ შემთხვევითობასაც მოკლებული ვართ და ამა თუ იმ საკრავის მხოლოდ სახელწოდებაღა გვაქვს შემონახული.

http://www.hangebi.ge